07 აგვისტო 2026,   16:47
ვრცლად
პროფესიული მოკლევადიანი გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად, განაცხადების მიღება დაიწყო - დოკუმენტების წარდგენა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლო დაწესებულებებს შეეძლებათ

საკონდიტრო ნაწარმის მომზადება ეკა ტაბატაძემ პროფესიულ კოლეჯში უფასოდ შეისწავლა. 3-თვიანი კურსით, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო, ბოლოს კი სერტიფიკატიც გადაეცა. დღეს ის ერთ-ერთი ჰიპერმარკეტის საკონდიტრო განყოფილებაში მუშაობს და სხვებსაც ურჩევს უფასო სასწავლო პროგრამებით ისარგებლონ.
 
სასწავლო ცენტრები კომპიუტერული პროგრამების, საბუღალტრო, სასტუმრო, საინჟინრო და სხვა მოკლევადიანი კურსების შეთავაზებისთვის უკვე ემზადებიან. პროფესიულ კოლეჯებში ამზადებენ საჭირო დოკუმენტაციას, რათა სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღონ და მოთხოვნად მიმართულებები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. ერთ-ერთი ასეთი კოლეჯი "იკაროსია", სადაც ბიუჯეტიდან უკვე მესამედ, თითოეულ ჩარიცხულ სტუდენტზე 1000 ლარის მიღებას ელოდებიან.
 
სასწავლო ცენტრებისთვის დაფინანსების გასაცემად მზადყოფნას გამოთქვამენ და შესაბამისი განცხადებების მიღებას 11 აგვისტოდან იწყებენ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლო დაწესებულებებს 22 აგვისტომდე შეეძლებათ. სააგენტო უკვე 30-მდე კოლეჯთან თანამშრომლობს და წელს 2000 მოქალაქის გადამზადება დააფინანსა.
 
ის სასწავლებლები, რომელიც დაფინანსებას მიიღებენ, სტუდენტებისთვის დაწესებულების კარს სექტემბრიდან გახსნიან. მანამდე კი მოქალაქეებმა დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს უნდა მიმართონ. 

მოკლევადიანი პროფესიული სწავლება 1-დან 3 თვემდე გრძელდება. 2024 წელს სააგენტოს დაფინანსებით 3700-მდე სამუშაოს მაძიებელმა ახალი უნარები უკვე შეიძინა.

დღის ამბები