19 ივნისი 2026,   18:52
ვრცლად
"რაშაგეითის" საქმის მტკიცებულებები უკვე სასამართლოშია, "დიფ სთეითის" პროპაგანდის ფრთა კი სრული პანიკის რეჟიმშია - ამ განცხადებას აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი Fox News-თან ინტერვიუში აკეთებს

"რაშაგეითის" საქმის მტკიცებულებები უკვე სასამართლოშია, "დიფ სთეითის" პროპაგანდის ფრთა კი სრული პანიკის რეჟიმშია - ამ განცხადებას ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი "ფოქსნიუსთან" ინტერვიუში აკეთებს. ტულსი გაბარდი ამბობს, რომ ის საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ჩრდილოვან მმართველობას ამხელს, მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური გავლენები გამოძიების პროცესში ისევ ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან და ისევ სიმართლის აბუჩად აგდების პროპაგანდისტულ ტაქტიკას იყენებენ.

სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, უცხო ქვეყნებში არასასურველი მთავრობებისა თუ კანონების შეცვლა რომ "დიფ სთეითის" ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა, ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტის შვილმაც. დონალდ ტრამპ უმცროსი პირდაპირ ამბობს, რომ USAID-ი და არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი "დიფ სთეითის" დანაყოფებია. მისივე თქმით, ჩრდილოვან მმართველობასთან ბრძოლას განსაკუთრებით ართულებს ათწლეულების განმავლობაში დანერგილი იდეოლოგიები.

ოპოზიცია იბნევა, როდესაც "დიფ სთეითზე" ვაშინგტონიდან საუბრობენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ განცხადების ავტორი თავად ამერიკის პრეზიდენტის შვილი ან ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელია. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც არაფორმალურ მმართველობაზე განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამდნენ, დღეს ვეღარ ამტკიცებენ, რომ "დიფ სთეითი" კონსპირაციის თეორიაა, თუმცა ამბობენ, რომ ეს ის არ არის, რაც სხვებს ჰგონიათ. ცდილობენ, თავი აარიდონ კითხვაზე პასუხს - ეთანხმებიან თუ არა დონალდ ტრამპ უმცროსს, რომელსაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პოლიტიკურ კვალიფიკაციასაც უწუნებს.

ოპოზიცია ამერიკის პრეზიდენტს, მის გარემოცვას და ოფიციალურ სტრუქტურებს ტყუილში ადანაშაულებს - აცხადებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის თქმით, მათი ოპონენტები სიმართლის უგულებელყოფით ცდილობენ გაამართლონ ნარატივი, თითქოს "დიფ სთეითი" "ქართულმა ოცნებამ" გამოიგონა. მათივე განცხადებით, ყველა შეკითხვა ქრება, როდესაც ჩრდილოვან გავლენებს დაქვემდებარებული USAID-ის მიზნებს არა უცხო ქვეყნებიდან, არამედ თავად ამერიკიდან ამხელენ.

ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე, გამოძიება აქტიურად გრძელდება. საუბარია ამერიკის დაზვერვის დირექტორის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ობამას ადმინისტრაციამ და სხვა მაღალჩინოსნებმა ხელოვნურად შექმნეს და გააყალბეს ინფორმაცია, თითქოს რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ერეოდა. პროკურორის ბრძანებით, დაწყებული გამოძიების მსვლელობისას დაიკითხებიან მოწმეები. არ არის გამორიცხული, გამოძიება ბარაკ ობამასთან ერთად CIA-ის და FBI-ის ყოფილი მაღალჩინოსნებითაც დაინტერესდეს.

დღის ამბები