ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, რომელიც სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე ბუნებრივი კარიბჭეა - პრემიერ-მინისტრმა გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ძირითადი აქცენტი საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობაზე საუბარს დაუთმო.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ძალისხმევა, საერთაშორისო დონეზე უკვე აღიარებულია. საჯარო სერვისების ეფექტიანობა, ეფექტური საგადასახადო შეღავათები, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები - ირაკლი კობახიძის განმარტებით, მრავალი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დადებითად შეფასებული ეს შედეგები ხელს უწყობს ქვეყნის მიზანს - საქართველო გახდეს მრავალფუნქციური ჰაბი.
გაეროს კონფერენცია თურქმენეთში, ქალაქ ავაზას კონგრეს-ცენტრში გაიმართა. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა მასპინძლებს: თურქმენეთის პრეზიდენტს და გაეროს გენერალურ მდივანს. სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, სამხრეთის გაზის დერეფნის გამოყენებით თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება - ეს საკითხები განიხილა პრემიერმა სადირ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრისას. რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის გადადგმული ნაბიჯები გააცნო ირაკლი კობახიძემ ანტონიო გუტიერეშს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, მსოფლიოში წესებზე დაფუძნებული წესრიგის უზრუნველსაყოფად.
თურქმენეთში გამართული კონფერენციაზე, საქართველომ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს საკუთარი შესაძლებლობები შესთავაზა. დატვირთული იყო სამუშაო გრაფიკიც. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან და სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით, ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას.
საქართველოსთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება უზბეკეთთან. ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისში, ოქტომბერში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია.
ირაკლი კობახიძის მსგავსად, შეხვედრები გამართეს ქართული დელეგაციის წევრებმაც. მაკა ბოჭორიშვილს, ადგილობრივმა კოლეგამ უმასპინძლა. მინისტრებმა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით არსებული სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.