შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხზე მოკვლევა დაიწყო.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა. საქმე იმაშია, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბინას ოპოზიციონერი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს.
გუშინ თავად "ლელოს" ლიდერის ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გაფორმებულია ხელშეკრულება, თუმცა შეთანხმების მიღმა დაისვა კითხვა - არის თუ არა გადახდილი უძრავი ქონების გაქირავებით მიღებულ სარგებელზე, საშემოსავლო გადასახადი? დღეს ამ თემაზე "ლელოში" კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ განმარტებას ადვოკატები გააკეთებენ.
საკითხს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც თაღლითობის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდეს.
"ბატონი ფიშერი არა მხოლოდ პოლიტიკური ეთიკიდან, არამედ ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოდან არის გასული უკვე კარგა ხანია და ამას საზოგადოება კარგად ხედავს.
ჩვენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და კანონი კანონობს ნებისმიერი ადამიანისთვის, ელჩი იქნება, პოლიტიკოსი, მეწარმე, თუ ჟურნალისტი, არ აქვს მნიშვნელობა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ინდულგენცია ვერ იქნება ვერცერთი პროფესია ჩვენს ქვეყანაში კანონთან მიმართებით.
ვისაც ეკუთვნის უწყებრივად მსგავსი საკითხები, როდესაც ბიუჯეტს და ქვეყნის შემოსავლებს ეხება საკითხი, ლოგიკურია, რომ დაიწყოს მოკვლევა.
როდესაც ბატონ ფიშერზე და შემდეგ ბატონ ხაზარაძეზეა საუბარი, აქ პოლიტიკური მანიპულაცია, მისი ქმედებები, ბატონი ელჩი იქნება, თუ ხაზარაძის, ეს აბსოლუტურ კორელაციაშია ერთმანეთთან და საერთოდ არ არის გასაკვირი, როდესაც ვხედავთ კონვენციის დარღვევას, პარტმუშაკის განცხადებებს ელჩის მხრიდან, შემდეგ ბატონი ხაზარაძის განცხადებებს. რა გასაკვირია, რომ აქ იკვეთებოდეს თაღლითობის კიდევ ერთი კომპონენტი იმ დიდ თაღლითობასთან, რომელიც მათ ჩაიდინეს ქვეყნის და არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.