ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური სტაბილურობა, ენერგოუსაფრთხოება - ეს ყველა ფაქტორი, საქართველოში "ენგურჰესს" უკავშირდება. საქართველოს ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელებას და უნიკალურ საინჟინრო ნაგებობას. ურთულესი კომპლექსის აგება და თაღოვანი კაშხლის გრანდიოზულობა ამ დრომდე აქტუალობას არ კარგავს.
"ენგურჰესი" ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია. მისი კასკადი, ანუ ენგურისა და ვარდნილჰესის წილი, საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის გამომუშავებაში 35 %-ია. 78 წლიდან დღემდე, ჰესის ჯამური გამომუშავება 140 მილიარდი კილოვატ საათია.
საქართველოს მთავარი ენერგოგენერატორის ობიექტები წალენჯიხისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა განლაგებული. 271 მეტრიანი კაშხალი, წყალსაცავი - 15,5 კილომეტრიანი გვირაბის 10 კილომეტრი წალენჯიხაში მდებარეობს. გვირაბის დარჩენილი ნაწილი - მიწისქვეშა სადგური, ჰიდროაგრეგატები და ტრანსფორმატორები, გალში.
ენერგეტიკული მნიშვნელობის გარდა, ენგურჰესი ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ნაგებობაა. 2015 წელს ჰესის თახოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აქედან იღებს სათავეს მისი ტურისტული პოტენციალის ეტაპობრივი ათვისება.
ინდუსტრიული მემკვიდრეობა უფრო მეტად იკიდებს ფეხს საზოგადოებაში და მთელ მსოფლიოში ტურისტულად მომხიბვლელ ატრაქციებად მოიაზრება.
კინოთეატრი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, კლდის ხელოვნების ცენტრი, ჰესის მშენებლობისა და მნიშვნელობის აღსაქმელად უამრავი აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია და პროექცია - "ენგური ატრაქციამ", ენგურჰესის შვილობილმა კომპანიამ, ვიზიტორების ინტერესებზე მორგებული მარშრუტების და სივრცეების მოწყობა 2021 წლიდან დაიწყო.
ენგურჰესის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც რეგიონის ეკონომიკურ სტაბილურობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს.