დონალდ ტრამპის სიტყვებით დაიწყო გენერალურ დებატზე გამოსვლა შალვა პაპუაშვილმა - ამით მსოფლიო კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარეს სურდა თავისუფალი სამყაროს ლიდერის მსგავსად საჯაროდ ემხილებინა უცხოური დახმარების მავნე პრაქტიკა. დემოკრატიის ნაცვლად ელიენოკრატია, სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად კი ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები - პაპუაშვილმა საკუთარ კოლეგებს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით უთხრა, რომ საქართველოში დემოკრატია, დემოკრატიის დახმარების სახელით თავსმოხვეულმა უცხოურმა პოლიტიკურმა ჩარევამ დააზარალა, რაც თავის მხრივ, უარყოფითად აისახა საერთაშორისო თანამშრომლობაზე.
გეოპოლიტიკური მასშტაბის გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება კონფერენციის სხვა მონაწილეებმაც. საერთაშორისო სამართლის საერთო წესები, ურთიერთპატივისცემა და დიალოგის აუცილებლობა - სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ისაუბრეს იმ ძირითად საკითხებზე, რაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საერთო ჯამში მშვიდობიან თანაცხოვრებას უქმნის საფრთხეს.
საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც პატივს სცემს ქვეყნის სუვერენიტეტს, დემოკრატიას და მიისწრაფვის მშვიდობისკენ - ეს გზავნილი ჰქონდა შალვა პაპუაშვილს პანელურ დისკუსიაზე, რომელიც გენერალურ დებატებამდე გაიმართა სახელწოდებით - "ინოვაციები მშვიდობიანი მომავლისთვის". სპიკერმა ამ მიმართულებით აქცენტი გააკეთა როგორც რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ასევე ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპაციის პრობლემაზე.
შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ჟენევაში დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენცია 5 წელიწადში ერთხელ იმართება.
ავტორი: კესო ქაფიანიძე