რეპერ ზაზა ნოზაძის 2018 წლის მუსიკალური რგოლი შარჟია იმაზე, თუ როგორ ახდენენ საქართველოში ე.წ. ლიბერალები განსხვავებული აზრის სტიგმატიზებას. პოლიტიკური სატირა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული იარლიყის კამპანიის სადემონსტრაციოდ გააზიარა. ყველაფრისთვის რუსულის დარქმევა, მონური ფსიქოლოგია, გრანტები და არასამთავრობო ორგანიზაციების დონორები - შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციამდე, Deep state-ის ხელწერა, საქართველოში წლების წინ ამხილეს, რომლის შემოქმედიც პოლიტიკოსები და "ენჯეოები" არიან.
საუბარია Russiagate-ის სკანდალზე, რაზეც ამერიკის დაზვერვამ ტრამპის წინააღმდეგ ობამა Deep state-ის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ამის მიუხედავად, ხელისუფლების მისამართით მათი ოპონენტები სიტყვა რუსულის გამოყენებას დღესაც არ ერიდებოდნენ.
ფაქტების ნაცვლად მხოლოდ პროპაგანდა - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა - მოსყიდული პოლიტიკოსებისა და ენჯეოების გამოყენებით. უმრავლესობის თქმით, "რუსულის" თემით მანიპულირება საქართველოში განსაკუთრებით მოქმედებს და სწორედ ამიტომ გლობალური ძალები საკითხს დესტაბილიზაციის გასაღვივებლად იყენებენ.
რატომ არქმევენ განსხვავებულ აზრს საქართველოში რუსულს? - თემაზე დისკუსია განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირაა გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში Russiagate-ის სკანდალი გასკდა და 2016 წლის არჩევნებში რუსული ჩარევის ყალბ ნარატივსა და Deep state-ის ინტერესებზე მიუთითეს. ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე გამოძიება გრძელდება. მთავარი ფიგურანტი პრეზიდენტი ობამაა, დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონიც, რომელიც ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაკომპრომეტირებელი მასალის გამოყენებით გეგმავდა საკუთარი კონკურენტისთვის რუსეთთან თანამშრომლობა დაებრალებინა.