ამერიკა-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებას, საფრანგეთის შემდეგ, გერმანია აკრიტიკებს. კანცლერი ამბობს, რომ დოკუმენტი ევროპისთვის და მისი ეკონომიკისთვის კაბალურია. ურსულა ფონ დერ ლაიენისა და დონალდ ტრამპის შეთანხმებას ევროკავშირისთვის შავი დღე უწოდა საფრანგეთის პრემიერმა.
შოტლანდიაში მიღწეული შეთანხმებით, შტატებში ევროპული საქონლის იმპორტზე 15-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება. ევროკავშირი შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს და განახორციელებს დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას.
"ვაცნობიერებ, რომ მოქმედი ტარიფები, განსაკუთრებით ევროკავშირიდან ექსპორტზე 15%-იანი გადასახადი, აშშ-დან იმპორტზე 0%-იან ტარიფთან შედარებით, მნიშვნელოვან ტვირთია ექსპორტზე ორიენტირებული გერმანული ეკონომიკისთვის. ეს სრულიად ნათელია. ამ შედეგით კმაყოფილი არ ვარ. თავდაპირველი პოზიციის გათვალისწინებით, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონდა, მეტის მიღწევა აშკარად შეუძლებელი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკას ამ ტარიფების გამო მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, თუმცა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ გერმანიითა და ევროპით არ შემოიფარგლება. ამ სავაჭრო პოლიტიკის შედეგებს ამერიკაშიც დავინახავთ. ამის გამო, არა მხოლოდ ინფლაცია გაიზრდება, არამედ იქნება უარყოფითი გავლენა ტრანსატლანტიკურ ვაჭრობაზე", - აცხადებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.