პრეზიდენტის შეთავაზება ძალაშია - მიხეილ ყაველაშვილი მზადაა, მსჯავრდადებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიწყალოს, თუკი მას შესაბამისი მოთხოვნით მიმართავენ.
პრეზიდენტი მსჯავრდადებულ პოლიტიკოსებს ურჩევს, გამოიყენონ შესაძლებლობა და დაუმტკიცონ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩართვა მათთვის მნიშვნელოვანია.
"როდესაც გვჭირდება ჩვენ ალტერნატიული ჯანსაღი აზრი, ეს უნდა მოდიოდეს ოპოზიციიდან. ოპოზიციის საქმიანობა ამას უნდა ემსახურებოდეს, რომ უკეთესი შესთავაზოს, ვიდრე ხელისუფალს აქვს შეთავაზებები; უკეთესად წარმოჩნდეს მოქალაქეებთან, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მობრძანდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ჩვენ ხომ ასეთი ოპოზიცია არ გვყავს, ჩვენდა სამწუხაროდ, არიან დაკავებული მავნებლობით.
ამ შემთხვევაში, მე გამოვიყენე სახელმწიფოებრივი ხედვა. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში. ის, რომ მათ თავად გადაწყვიტეს და მთელმა საქართველომ იცის, რომ მიზანმიმართულად გააკეთეს, დაარღვიეს კანონი და სახელმწიფო ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა განსხვავებული მათ მიმართ - დამნაშავეს სჭირდება დასჯა და ისინი მოხვდნენ გისოსებს მიღმა, მაგრამ კიდევ ერთხელ, კეთილი ნებაა ეს, თავისთავად პოლიტიკური აქტია და გვინდა, დაანახონ შემდეგი შანსი იმ მოქალაქეებს, რომელთაც არწმუნებენ, რომ ისინი უკეთესები არიან, სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა. ეს არის შესაძლებლობა, თუ გამოიყენებენ. ჩემგან რა თქმა უნდა, ეს შეთავაზება ძალაში რჩება", - განაცხადა ყაველაშვილმა.