მნიშვნელოვანი დღე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში - დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელები ჩაიბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ თამარ ტალიაშვილი ვაშინგტონში დიპლომატიური მისიის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ახლად დანიშნული ელჩის პირველივე ნაბიჯი თეთრ სახლში, რწმუნებათა სიგელებთან ერთად, იმ გზავნილის მიტანა იყო, რომ ხელისუფლება მზადაა, შტატებთან თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან აღადგინოს.
დიპლომატია ამერიკის ოქროს ხანისთვის - ასე უყურებს საკითხს ამერიკული მხარეც. ამ სათაურით განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურმა გაავრცელა. თეთრ სახლმა, გუშინ საქართველოსთან ერთად კიდევ 11 ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა.
ფაქტი, რომ ელჩის საქმიანობის დაწყებისთვის აუცილებელი ტექნიკური პროცედურები უმოკლეს ვადაში მოგვარდა, სახელისუფლებო პარტიისთვის პოზიტიურ მოლოდინს აჩენს. თეთრ სახლში გამართულ დიპლომატიურ მიღებას, "ქართულ ოცნებაში", შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს უწოდებენ და ამბობენ, რომ თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს და იყოს ურთიერთსასარგებლო ნიშნულზე.
ის, რაც უმრავლესობისთვის პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯია, რიგითი პროცედურული საკითხია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან შეხვედრა და მისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა არაფერს ნიშნავს.
ოპოზიციის პოზიცია არც უმრავლესობაში უკვირთ და არც საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. ამბობენ, რომ დიპლომატიური შეხვედრით, რაც პოლიტიკურად პოზიტიური გზავნილია, ხელისუფლების ოპონენტები სასოწარკვეთილები არიან.
თამარ ტალიაშვილი, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო, ამერიკაში ელჩად რამდენიმე თვის წინ წარადგინეს. დიპლომატმა ტრამპის ადმინისტრაციისგან აგრემანი, ანუ სახელმწიფოსგან თანხმობა, გასულ თვეს მიიღო. სწორედ იმ დღეს, როდესაც საქართველოში ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი გადადგა. ახლა უკვე რწმუნებათა სიგელებიც მიღებულია - თამარ ტალიაშვილს დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უშუალოდ დონალდ ტრამპმა უსურვა.