20 ივნისი 2026,   10:17
ვრცლად
"ჩვენ ევროპა ავირჩიეთ და არა ავტოკრატია!", "მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა!", "სირცხვილია!", "გააუქმეთ კანონი!", "ხელისუფლებამ გვიღალატა!" - უკრაინის 17 ქალაქში დემონსტრაციები არ წყდება

"ჩვენ ევროპა ავირჩიეთ და არა ავტოკრატია!", "მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა!", "სირცხვილია!", "გააუქმეთ კანონი!", "ხელისუფლებამ გვიღალატა!" - ეს ის ლოზუნგებია, რომელსაც კიევში პრეზიდენტის ოფისის მიმდებარედ ათასობით მოქალაქე მესამე დღეა სკანდირებს.

მასობრივი პროტესტის მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა გააუქმა და მთავარ პროკურატურას დაუქვემდებარა. კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ოდესა, ზაპოროჟიე - უკრაინის 17 ქალაქში დემონსტრაციები არ წყდება.

კიევთან ერთად პროტესტის ეპიცენტრია ხარკოვი. ათასობით დემონსტრანტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკრაინის პრეზიდენტის და უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას მსვლელობებით აპროტესტებს.

დემონსტრანტებს ლვოვში სტუდენტები შეუერთდნენ. ახალგაზრდებმა ქუჩაში საპროტესტო ბანერები დაამზადეს.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, სადავო კანონის მიღების მიზეზი ინსტიტუტების რუსული გავლენისგან წმენდა გახდა. ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტი ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

უკრაინაში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ერთობლივი განცხადება სენატორებმა - ჯინ შაჰინმა და ლინდსი გრემმა გაავრცელეს.

შეფასებები გაკეთდა ბრიუსელშიც. ვოლოდიმირ ზელენსკის ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაურეკა, საკითხზე ევროკომისიის შეშფოთება პირადად გადასცა და განმარტებები მოითხოვა.

საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციების მიზეზი გახდა, რადაში პრეზიდენტის პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი, ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობის გაუქმებას ხელი ჯერ უმაღლესი რადას სპიკერმა, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწერა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები