ბოლივუდის სამშობლო, ქვეყნის ფინანსური ცენტრი, გოტიკური და თანამედროვე არქიტექტურის უნიკალური სინთეზის ადგილი - მალე, მუმბაის მიმართულებით თბილისიდან რეგულარული რეისები შესრულდება. ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება, რაც ინდოეთის კულტურულ ცენტრად აღიარებულ ქალაქთან დაკავშირებას უფრო გაამარტივებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მუმბაის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება. გამორჩეული ინდური კულტურის, ფერადი ფესტივალების და მრავალფეროვანი სამზარეულოს ეპიცენტრში მოსახვედრად, რაც ყველას შორიდანაც ხიბლავს, ტურისტებს რამდენიმე საათი დასჭირდებათ.
მუმბაი-თბილისს შორის ფრენებს აზიის ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ავიაკომპანია შეასრულებს. დაბალბიუჯეტიანი "ინდიგო" 400-მდე ავიახომალდს ფლობს და მხოლოდ გასულ წელს 112 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ახალი საჰაერო კავშირი ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე უფრო გამოკვეთს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სიახლე ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.
ქალაქ დელის შემდეგ, მუმბაი ინდოეთის მეორე ქალაქი ხდება, სადაც თბილისიდან რეგულარული ფრენები შესრულდება. ახალი მიმართულების დამატების შედეგად, ორ ქვეყანას შორის რეისები კვირაში 10-მდე იზრდება.