ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრებთან და მათთან ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის ძალისხმევაზე ე.წ. შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა საერთაშორისო ტვირთების აღნიშნულ დერეფანში მოზიდვის მნიშვნელობას.
შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის ზრდას. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
"დიდწილად, შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს ვიზიტის ფარგლებში, მათ შორის როგორიც არის ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და ენერგეტიკის სექტორი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. დავსახეთ საერთო გეგმები, განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს დაკავშირებადობის ზრდას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას. მათ შორის როგორიც არის მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილი მშენებლობა. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.