23 აგვისტო 2026,   08:43
ვრცლად
"მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს" - მამუკა მდინარაძე ევროკავშირის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

"შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. "ირკვევა," თურმე "ავტორიტარული მმართველობის" ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ.
ახლა ყველაფერი გასაგებია

რა არის ამისთვის საჭირო?

1. დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა. "დემოკრატიის შუქურა" ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და “სამართლიანი არჩევნებიც” მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს.
2. უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გვქონდეს.
3. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგორც უკრაინა - ღია ომში.
4. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს “ქართულ-ეროვნულ ახირებებზე” უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს პრინციპში პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ.

აი ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც პოზიტიური და მხარდამჭერი.

მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს - ყველას მოუწევს ამასთან შეგუება!

პ. ს. დღეს რადიკალებს აქცია აქვთ დაანონსებული, რომელიც ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტობრივად ჩავარდნილი იყო და მის "დასაბუსტად" რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხვევაა ეს განცხადება," - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები