სიღარიბის გაზრდილი მაჩვენებელი და მთლიანი შიდა პროდუქტი, რომლის ზრდაც უმნიშვნელოა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, ონლაინ მედია "მოლდოვა ლაივი" იმ პარამეტრებს აქვეყნებს, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებს ასახავს.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსთან შედარებით მოლდოვის უპირატეს მდგომარეობაში დაყენება მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის". სახელისუფლებო გუნდი ევროპის მხრიდან საქართველოს მისამართით არასათანადო დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.
საქართველო რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს, ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროშიც. მხოლოდ გასულ წელს, ქვეყნის ეკონომიკამ 92 მილიარდ ლარს მიაღწია. 9.4% გახდა 2024 წელს სიღარიბის მაჩვენებელი. 2028 წლისთვის, მთავრობის გეგმით, სიღარიბე 4%-ს უნდა გაუტოლდეს. ასევე 4%-მდე უნდა შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელმაც შარშან ისტორიული მინიმუმი 13,9 % შეადგინა.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპაში ადეკვატურად აღიქვამენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებენ.
ბოლო 4 წელიწადში, საქართველოს ეკონომიკა მოლდოვასთან შედარებით 11.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეკონომიკის მსგავსად, საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს. "ქართულ ოცნებაში" 2022 წელსაც იხსენებენ, როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი გააკეთა, თუმცა არასამართლიანი მიდგომების გამო, კანდიდატის სტატუსი უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, დაგვიანებით, დაახლოებით ორი წლის შემდეგ მიიღო.
გამოცემა "მოლდოვა ლაივი" მოლდოვას შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის კომენტარსაც აქვეყნებს. აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი ოჯახების შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არსებულ მნიშვნელოვან სხვაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში სიღარიბე სერიოზულ პრობლემად რჩება.