"კოლექტიური" ნაცები ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთნი არიან ფუნდამენტალისტი "ნაცები," ვინც თავის შავ-ბნელ იდეებსა და მოქმედებებში ჩაიკარგნენ და ჩარჩნენ და მეორე, ვითომ უფრო პროგრესული "ნაცები", გახარია-ხაზარაძის პოლიტიკურ დაჯგუფებას ვგულისხმობ, ემხრობიან არჩევნებში მონაწილეობას," - ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ლელო-ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმს გამოეხმაურა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება.
"ერთი მხრივ, ეს მათი გადაწყვეტილებაც კი შეიძლება არ იყოს და გარედან მინიჭებული როლია, თუმცა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ მათ რეალურად ჰქონდეთ სურვილი, რომ ბოლომდე არ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ პროცესებს. ეს განხეთქილება საკმაოდ ლოგიკურია, უბრალოდ რა პროცესებიც გახარია-ხაზარაძის ირგვლივ წარიმართება, ის რაღაც სასაცილო შეთანხმებები ერთობლივ კანდიდატებთან დაკავშირებით და მათი გაერთიანება ერთი კანდიდატის ირგვლივ, დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ცუდად დასრულდება მათთვის. ცუდად დასრულებაში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ სრულ ფიასკოს არჩევნების შემთხვევაში," - აღნიშნა ნინო წილოსანმა.