23 აგვისტო 2026,   04:07
ვრცლად
როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია ძალის, სპეციალური საშუალებების გამოყენება - იუსტიციის მინისტრის მოადგილე 20 ივნისის გამოძიებაზე

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობენ - ადგილზე იმყოფება მაკო გომური. აქციის დაშლის დროს მან თვალი დაკარგა. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი ჰქონდა წარდგენილი. 

სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით და მითითებებით ხსნის პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ღონისძიებებმა, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტებმა, პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამდენად სწორად დაიგეგმა საპოლიციო ღონისძიებები და ხომ არ იყო ძალის გადამეტების ფაქტები?

იუსტიციის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის დროს სახელმწიფოს უფლება აქვს სპეციალური საშუალებები გამოიყენოს.

"როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია ძალის, სპეციალური საშუალებების გამოყენება. რაც შეეხება პროპორციულობის ნაწილს, გამოყენებული ძალის პროპორციულობას, ამ მიმართულებით იყო მთავარი მითითებები და შენიშვნები გაკეთებული ევროპული სასამართლოს მიერ. პირდაპირ არის ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, რომ გამოძიებამ ეროვნულ დონეზე სრულყოფილად შეისწავლოს ეს საქმე და გაანალიზოს ამ ოპერაციის დაწყების მომენტიდან, რამდენად შეიძლებოდა პრევენციული ღონისძიებების ისე დაგეგმვა, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და არ გამხდარიყო საჭირო ამ ფორმით სპეციალური საშუალებების გამოყენება", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

 

დღის ამბები