22 აგვისტო 2026,   20:06
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები - ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიციაში დაპირისპირება მათი ოპონენტების მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებს

პირველი განსხვავებული პოზიცია გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდებს შორის მემორანდუმის გაფორმებიდან 24 საათში - მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის მერობის მათი საერთო კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება, ექსპრემიერის გუნდში გამორიცხავენ. "ლელოში" ამბობენ, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს, თავად ელისაშვილი კი დუმს.

საერთო კანდიდატით თუ მის გარეშე, მიხეილ სააკაშვილის პარტიისთვის უკვე ყოფილი თანამოაზრეები მოღალატეობრივ პოზიციას ირჩევენ. ახალ მოკავშირეებს "ნაციონალური მოძრაობა" ყოველდღე მწვავედ აკრიტიკებს.

ოპოზიციის ოპოზიციაში ვერ შევალთ - ამ არგუმენტით "ლელო" "ნაციონალურ მოძრაობას" არც ბრალდებებზე პასუხობს და არც კრიტიკაზე. გახარიას პარტიაში კი უკვე ყოფილი თანამოაზრეების პოზიციებს არასერიოზულად აღიქვამენ.

ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიციაში დაპირისპირება მათი ოპონენტების მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობაც და ბოიკოტიც პოლიტიკური მარცხით დასრულდება.

თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციისთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა - მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა და მოქმედმა თანაგუნდელებმა ბოიკოტში დარჩენა, გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიებმა კი 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონში ჩართვა გადაწყვიტეს.

 

დღის ამბები