21 აგვისტო 2026,   11:32
ვრცლად
პარტიებმა "ლელომ" და "საქართველოსთვის" თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - "ქართული ოცნება" კონკურენტების შანსებს უპერსპექტივოს უწოდებს

თანამშრომლობა კონკურენციის ნაცვლად - ეს პირობა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას გუნდებმა დღეს წერილობით დადეს. პარტიები მუნიციპალური არჩევნებისთვის ნეიტრალურ კანდიდატებზე კონსულტაციების დაწყებასაც გეგმავენ.

მიხეილ სააკაშვილის მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელებისთვის ძველი თანამოაზრეები ახლა პოლიტიკურად გარდაცვლილებად და მოღალატეებად იქცნენ. მემორანდუმს "ნაციონალური მოძრაობა" გახარია-ხაზარაძის პოლიტიკურ ქორწინებას უწოდებს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს,

პარტიების "გახარია - საქართველოსთვის" და "ლელოს" გაერთიანებას ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" არჩეულ სტრატეგიას, სკეპტიკურად უყურებენ პარტია "გირჩში", სადაც მუნიციპალური არჩევნებისთვის უკვე დიდი ხანია ემზადებიან.

ოპონენტებად ქცეულ კოლეგებს შორის დაპირისპირება ოპოზიციაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე მიანიშნებს პრემიერ-მინისტრისთვის. მთავრობის მეთაური მათ არჩევნებში მძიმე მარცხს უწინასწარმეტყველებს. "ქართული ოცნება" კონკურენტების შანსებს უპერსპექტივოს უწოდებს და 4 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 82, რეგისტრაციის დასრულებამდე კი 3 დღე დარჩა. სწორედ ამ საკითხმა გაყო 4 ბარიერგადალახული პარტია 2 გუნდად - 2-მა არჩევნებში მონაწილეობა, 2-მა კი ბოიკოტში დარჩენა გადაწყვიტა.

დღის ამბები