21 აგვისტო 2026,   11:04
ვრცლად
"საქართველოს მთავრობა იბრძვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის, რათა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი ევროპული ქოლგის ქვეშ" - მაკა ბოჭორიშვილი

"2022 წელს საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობაზე და ეს იყო ჩვენი ევროპული მისწრაფების ნათელი დემონსტრირება, რაც ასევე ასახულია ჩვენს კონსტიტუციაში." - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას ისაუბრა.

პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მაკა ბოჭორიშვილმა დიდი დრო დაუთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საქართველო საუკუნეები იცავდა ევროპულ ღირებულებებს.  

"ჩვენ საუკუნეები ვიცავდით ევროპულ ღირებულებების, რაზეც დღეს ევროპა დგას და ეს სიახლე არ არის. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და როდესაც ეს მოხდა, არ იყო მარტივი პერიოდი. ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა რეგიონში იმ დროს. ეს იყო ჩვენი მისწრაფებების ნათელი დემონსტრირება, თუ რისი გაკეთება გვსურდა და სად გვინდოდა წასვლა. ასოცირების შეთანხმების 10 წლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ბევრს მიაღწია ტრანსფორმაციის, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და ციფრები ბევრ რამეს გეტყვით.

მსოფლიო ბანკი მიხედვით, საქართველო 50 ქვეყანას შორის სამეულშია. ეს არის სტრუქტურული რეფორმების შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა და ბევრს მიაღწია ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.

ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს საშუალოდ 9.7% ეკონომიკური ზრდა, რაც შესანიშნავი შედეგია ევროპაში და ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფერს, რომ იგივე მიღწევები გვქონდეს მომავალ წლებში.

2022 წელს საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობაზე და ეს იყო ჩვენი ევროპული მისწრაფების ნათელი დემონსტრირება, რაც ასევე ასახულია ჩვენს კონსტიტუციაში. თუმცა, კანდიდატის სტატუსის მიღებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

ერთი რამ ცხადია, რომ ძალიან რთულია საქართველოს ევროპული არქიტექტურისგან და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისგან გამოყოფა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს გარეშე ევროპაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვერ მივაღწევთ. საქართველოს გარეშე ძალიან რთული იქნება ევროკავშირის მომავალზე საუბარი, რადგან გვსურს, რომ ის ეკონომიკურად ძლიერი, მშვიდობიანი და სტაბილური იყოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხალხის არჩევანს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და ვიყოთ უფრო ობიექტურები, როდესაც ვაფასებთ იმას, რაც ხდება საქართველოში, ასევე უნდა შევხედოთ უფრო ფართო სურათს გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

საქართველოს მთავრობა იბრძვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის და ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, რათა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი ევროპული ქოლგის ქვეშ, ევროკავშირში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები