22 აგვისტო 2026,   15:35
ვრცლად
"რამდენიმე ელჩს გაუტკბა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ხელის ფათური" - გიორგი სოსიაშვილი

"მინდა მათ დავუსვა კითხვა: ბრიტანეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, შერჩევითი სამართალი აქვთ? კანონი ყველასთვის არ კანონობს? თუ როდესაც საქართველოში პოლიციაზე დანას აღმართავენ, როდესაც პიროტექნიკით საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებს სახეს დაუწვავენ, როცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აქვთ - ამ შემთხვევებში სახელმწიფომ არ უნდა მოსთხოვოს პასუხი ამ ადამიანებს?" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი სოსიაშვილი ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რამდენიმე უცხო ქვეყნის ელჩი ვენის კონვენციას უხეშად არღვევს და საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა.

"რამდენიმე ელჩი მიჩვეული იყო, მათ გაუტკბათ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ხელის ფათური და ისინი არიან ძალიან უხეშად დამრღვევნი ვენის კონვენციის 41-ე მუხლისა, რაც მათ პირდაპირ უკრძალავს ჩვენი ქვეყნის და არამხოლოდ - სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ხელის ფათურს და ჩარევას. შესაბამისად, მინდა მათ დავუსვა კითხვა: ბრიტანეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, შერჩევითი სამართალი აქვთ? კანონი ყველასთვის არ კანონობს? თუ როდესაც საქართველოში პოლიციაზე დანას აღმართავენ, როდესაც პიროტექნიკით საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებს სახეს დაუწვავენ, როცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აქვთ - ამ შემთხვევებში სახელმწიფომ არ უნდა მოსთხოვოს პასუხი ამ ადამიანებს? თუ როგორ წარმოუდგენიათ ეს ამბავი? სამწუხაროა, რომ ელემენტარული საკანონმდებლო ნორმების შეხსენება გვიხდება მათთვის," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

ცნობისთვის, ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო წერილში წერია, რომ ისინი გმობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაკავებებს. განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლა ჯერ კიდევ შეუძლია.

დღის ამბები