დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერების უარი შეწყალებაზე მმართველი პარტიისთვის მორიგი დასტურია, რომ ოპონენტები არჩევნებში გამარჯვებას თავადაც არ ელოდებიან. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ პატიმრობაში ყოფნას ოპოზიცია მორიგ მიზეზად გამოიყენებს მარცხის გასამართლებლად.
ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებს პრეზიდენტმა 4 ივლისს მიმართა. მიხეილ ყაველაშვილი მზადაა შეიწყალოს ყველა პოლიტიკოსი, რომელიც მას თხოვნით მიმართავს და თან არჩევნებში მონაწილეობას დაადასტურებს. ადრესატები შეთავაზებას უარით პასუხობენ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მაგალითად "ლელოს", უკვე დადასტურებული აქვს. დანარჩენებისთვის კი საარჩევნო პროცესში შესვლა მიუღებელია.
პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარს, მარცხის შიშით ხსნის პარლამენტის თავმჯდომარე . შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერც პატიმრობა და ვერც შეწყალებაზე უარი პოლიტიკური ლიდერისთვის ან მათი უცხოელი მოკავშირისთვის მიზეზი ვერ გახდება, რომ საარჩევნო პროცესს ჩრდილი მიაყენონ. პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ არჩევნების საბოტაჟს და ბოიკოტს ევროპიდან დაფინანსებული ორგანიზაციები გულშემატკივრობენ.
თვითმმართველობის არჩევნები სამ თვეში გაიმართება. "ლელო" და გიორგი გახარიას გუნდი საკუთარ ელექტორალურ ძალებს 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მოსინჯავს. "ნაციონალური მოძრაობა", მისი თანამოაზრე პარტიები და მელია -გვარამიას პოლიტიკური ძალა კი არჩევნებში ჩართვას საერთო გეგმის წინააღმდეგ მოქმედებად აფასებს.