31 აგვისტო 2026,   00:45
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: "მშვიდობით, იარაღო! - დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული"

"მშვიდობით, იარაღო! - დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რითაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც პირველი ივლისიდან "USAID ოფიციალურად წყვეტს უცხოეთის დახმარებას".

პარლამენტის სპიკერი აქვე, ამავე თემაზე, მის მიერ რამდენიმე თვის წინ დადებულ პოსტსაც აზიარებს.

"დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული.

მრავალი წელია, უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან ინსტრუმენტად, შრომის იარაღიდან ომის იარაღად.

დიპლომატიისგან განსხვავებით, რომელიც კომპრომისს და საერთო ინტერესების ძიებას გულისხმობს, „უცხოური დახმარება“ პოლიტიკურ პარტიებსა და „სამოქალაქო საზოგადოებაში“ უცხო ინტერესების ჩანერგვას ნიშნავდა. ეს ახლადშეძენილი „ინტერესები“ საღდებოდა, როგორც ხალხის ინტერესები. შემდეგ კი, ამ ჩანერგილი „ინტერესების“ დაცვა, ხალხის სახელით, უცხო ქვეყნების მხრიდან გავლენის ძლიერი ინსტრუმენტი ხდებოდა.

მეტიც, ამგვარ კონსტრუქციაში, უცხო ქვეყნების ელჩები, მასპინძელ ქვეყნებთან და საზოგადოებებთან ხიდების აგების ნაცვლად, ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად გვევლინებოდნენ. ამან მოიტანა სიტუაცია, რომელშიც ელჩების ამოცანა გახდა არა ნდობის ჩამოყალიბება მიმღებ მთავრობასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევა ადგილობრივ ხელისუფლებაზე.

საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. მართლაც, გამაოგნებელია უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილი კორუფციისა და მავნე საქმიანობის მასშტაბები.

ბოლო დღეების მხილების შემდეგ, უკვე ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. შესაბამისმა მთავრობებმა საეჭვო და პოტენციური დარღვევის ყველა შემთხვევა უნდა შეისწავლონ და მათი შედეგები გაასაჯაროონ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. უახლოეს მომავალში, პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად", - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები