სახელმწიფომ იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამა გააფართოვა - გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები საჭირო მედიკამენტებს დაფინანსებით მიიღებენ. ბენეფიციარებს მაგნიტურ- რეზონანსული კვლევები და სხვა სამედიცინო მომსახურებებიც დაუფინანსდებათ.
სიახლის შესახებ საუბრობენ მედიკოსებიც. ამბობენ, რომ ძვირადღირებული პროცედურების დაფინანსება პაციენტებს ფინანსურ სირთულეებს მოუხსნის.
გადაწყვეტილება პაციენტებს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად გააცნო. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სახელმწიფომ ყველა საჭირო მედიკამენტი უკვე შეისყიდა. თითოეულ პაციენტს კი მკურნალობის თანაბარი შესაძლებლობა ექნება.
პროგრამაში ჩართვისთვის პაციენტმა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს, რეგისტრაციის შემდეგ კი საჭირო მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელებში დაფინანსებით მიიღებს.