საკანონმდებლო ორგანომ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს დეპუტატებმა მხარი კენჭისყრაზე დაუჭირეს.
პარლამენტმა დაადგინა, რომ "გახარია - საქართველოსთვის" პარტიის თორმეტმა წევრმა, საგაზაფხულო სესიის ოცდაექვსივე სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინა.
პარტიას საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, მანდატების მიღების შესაძლებლობა სიაში მყოფ მომდევნო 12 პირს აქვს.
"საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. 26-ვე მათ არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ტავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას "საქართველოსთვის", დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. ასევე შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, 6 თვით შეუჩერდება პარტიას პარტიული დაფინანსება," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.