"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილს საყვედურობს. ანა წითლიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ ღიად მოწოდება იყო მთავარი, რასაც ყოფილი პრეზიდენტისგან რუსთაველზე შეკრებილები ელოდნენ, თუმცა მკაფიო გზავნილის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილისგან კვლავ ბუნდოვანება მიიღეს.
სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის დაპირისპირების მიზეზი ამჯერადაც ექსპრეზიდენტის საჯარო გამოსვლა გახდა. პარლამენტის წინ გუშინ, 29 ივნისს გამართულ აქციაზე შეკრებილებს ის თითქმის 10 წუთის განმავლობაში მიმართავდა, თუმცა არცერთი მისი გზავნილი სამოქმედო გეგმას არ უკავშირდებოდა.
აქციაზე გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკური გამოხმაურებები მალევე მოჰყვა. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ზურაბიშვილს გამბედაობა დაუწუნა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ექსპრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობა უნდა და ღიად ამის თქმას ჯერ ვერ ბედავს.
მმართველ პარტიაში სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება არ უკვირთ. დარწმუნებული არიან, რომ ერთობა ვერასდროს შედგება, რადგან რეალურად ერთმანეთის მოწინააღმდეგეები საერთო პოზიციაზე შეჯერებას ვერ შეძლებენ.
იაფფასიანი სპექტაკლი და ამომრჩევლის დაცინვაა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის ექსპრეზიდენტის დამოკიდებულება. პარტია "გირჩში" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის არცერთი ნაბიჯი შედეგზე ორიენტირებული არ არის.
"ფიასკო" და "ჩავარდნილი პროექტი" - ასე აფასებს მთავრობის მეთაური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის ურთიერთობას. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაპირისპირება, რომელიც ახლა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ფლანგზეა, უფრო გაღრმავდება.
ოპოზიცია ერთიანობის უალტერნატივობაზე საუბრობს, თუმცა საერთო პოზიციაზე შეჯერებას ვერ ახერხებს. სამოქმედო გეგმა ამჯერადაც ვერც ზურაბიშვილმა შესთავაზათ.