შიმშილობის დაწყებიდან მეოთხე, ულტიმატუმის წაყენებიდან კი მეორე დღე - ელენე ხოშტარია ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს მოითხოვს. გვარამიას თანაგუნდელი ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას პოზიციის დროულად დაფიქსირებისკენ, გახარიას გუნდს კი, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ხოშტარია "კურიერის" შეკითხვებს არ პასუხობს, თუმცა შიმშილობის დაწყების მიზეზებს სოციალურ ქსელშიც ადასტურებს და ერთ-ერთი მედიასაშუალების გადაცემაშიც.
ხოშტარიას ულტიმატუმი ადრესატი პარტიებისთვის გაუგებარი და მიუღებელია. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ შანტაჟი მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელოში" კი დღეს ელენე ხოშტარიას მოთხოვნას აღარ უპასუხეს. კოლეგის მიერ ულტიმატუმის წაყენებიდან მალევე კი თქვეს, რომ მათი გადაწყვეტილება უცვლელია - "ლელო" ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დისკუსიას სთავაზობს.
ხოშტარიას ულტიმატუმი, დედაქალაქის მერის შეფასებით, ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს. კახა კალაძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც მათ უცხოელი მხარდამჭერები ეტყვიან.
ის პარტიები, ვისაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, კოლეგებს დროულად ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებენ. "გირჩი" 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ ძალას ურჩევს, ერთმანეთთან შიმშილობით კომუნიკაცია შეწყვიტონ, "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის ადრესატები კი გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიები არიან.
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უპრეცედენტო მოვლენაა და ხელისუფლების ოპონენტებს შორის მძიმე დაპირისპირებაზე მიანიშნებს. მიზეზებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ ოპოზიციის ეს კრიზისი უცხო ქვეყნების დაკვეთის ბრმად შესრულებამ გამოიწვია.
შეძლებს თუ არა ელენე ხოშტარია შიმშილობის აქციით ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას გუნდებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ათქმევინოს, ეს ჯერ ისევ უცნობია. ოპოზიციას საბოლოო და საერთო სტრატეგია ამ დრომდე არ აქვს.