23 აგვისტო 2026,   04:13
ვრცლად
პროტესტის უკიდურესი ფორმა რუსთაველზე და მესამე დღეს გამხელილი რეალური მიზეზი - ელენე ხოშტარიას თქმით, შიმშილობას შეწყვეტს თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის

პროტესტის უკიდურესი ფორმა რუსთაველის გამზირზე და მესამე დღეს გამხელილი რეალური მიზეზი - ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შიმშილობას მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის. სანამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რეალურ მიზნებს გაამხელდა, მისი პროტესტის ამ ფორმის უკან სახელისუფლებო პარტია სწორედ ოპოზიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებას ხედავდა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობის დაწყებით, ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას გუნდების დარწმუნებას ცდილობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

თავად ხოშტარია "კურიერი P.S-ის" კითხვებს არ პასუხობს. მიზეზსა და მოლოდინებზე დღეს მას არც სხვა მედიასაშუალებასთან უსაუბრია. შიმშილობის გამოცხადების დღეს კი თქვა, რომ მისი მიზანი რევოლუცია იყო.

განსხვავებულია "ლელოს" ლიდერის პოზიცია - მამუკა ხაზარაძე დაპატიმრებამდე არჩევნებში მონაწილეობის მომხრე იყო.

ლიდერის დავალებას ასრულებენ "ლელოს" წევრები. მიიჩნევენ, რომ თვითდაზიანება ბრძოლას ასუსტებს, ამიტომ, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტას, დანარჩენ ოპოზიციას კი, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩართვას ურჩევენ.

არჩევნებში ბრძოლას საქართველოდან წასვლამდე გიორგი გახარიაც აანონსებდა. პოზიციას არც მისი თანაგუნდელები იცვლიან. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას უსურვებენ, თუმცა, ამბობენ, რომ მათ გადაწყვეტილებას - არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ვერავინ შეაცვლევინებს.

ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს უცხოელმა მხარდამჭერებმაც. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ანგარიშით ხელისუფლების ოპონენტებს ურჩია, რომ "2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოიყენონ როგორც შესაძლებლობა".

აზრთა სხვაობაა ოპოზიციის ევროპელ მხარდამჭერებშიც. ევროპარლამენტარების ამ მოწოდების მიუხედავად, საქართველოში გერმანიის ელჩი მხარდაჭერას ელენე ხოშტარიას კურსს უცხადებს, ეს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ხელისუფლების ოპონენტები მითითებებს საქართველოს ფარგლებს გარედან იღებენ.

შეძლებს თუ არა ელენე ხოშტარია შიმშილობის აქციით ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას გუნდებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ათქმევინოს, ეს ჯერ უცნობია. ოპოზიციას საბოლოო და საერთო სტრატეგია ამ დრომდე არ აქვს. პოზიციების ჩამოსაყალიბებლად კი პარტიებს 1 თვე რჩებათ - მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ სუბიექტებმა განაცხადი 4 აგვისტომდე უნდა გააკეთონ.

დღის ამბები