დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით აკრიტიკებს. ლოკე რასმუსენის ინტერესს ქართველი ოპოზიციონერების დაპატიმრებისა და მედიაგარემოს საკითხები წარმოადგენს. დიპლომატი არც იმას მალავს, რომ სანქციების მომხრეა.
მმართველი გუნდის ყურადღებას არა კრიტიკის შინაარსი, არამედ მისი ავტორი იქცევს - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში პედოფილიის ფაქტის დამალვასა და მოსყიდვაშია მხილებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლარს ლოკე რასმუსენმა თანაგუნდელს, მაიკ ფონსეკას, 60 000 დოლარამდე თანხა შესთავაზა პირობით, რომ ის საპარლამენტო მანდატს საკუთარი ნებით დათმობდა და, არასრულწლოვანთან ურთიერთობის გამო, პარტიის რეპუტაციის არ დააზიანებდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უსაფუძვლო კრიტიკა, მით უფრო, მსგავსი ეთიკური ღირებულებების მქონე დიპლომატისგან, მიუღებელია.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ, 27 ივნისს გაავრცელა, სკანდალური ინფორმაცია კი კოპენჰაგენში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა იმ ფარულ ჩანაწერთან ერთად, რომელიც თავად ფონსეკამ რასმუსენთან საუბრის დროს ჩაწერა. შეთავაზებაზეც უარი თქვა. დანიის კანონმდებლობით, 15 წლის არასრულწლოვანთან ურთიერთობა დასაშვებია, თუმცა დაუშვებელია "მოდერატების" პარტიის ეთიკის კოდექსით, რომელიც პოლიტიკოსისგან მაღალი მორალური სტანდარტების დაცვას მოითხოვს. ადგილობრივმა ოპოზიციამ აქცენტი უფრო მეტად რასმუსენის ქმედებაზე გააკეთა, რომელსაც მაფიოზური უწოდა და გამოძიების დაწყებაც მოითხოვა - იმის გასარკვევად, არის თუ არა "მოდერატების" მცდელობა მექრთამეობა ან ზეწოლა.
ვინ არის ლარს ლოკე რასმუსენი, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს - ხელისუფლების ოპონენტებს დანიის ექსპრემიერის სკანდალურ კარიერაზე მეტად ის აინტერესებთ, რომ დიპლომატი "ქართულ ოცნებას" მწვავედ აკრიტიკებს, რასაც ადამიანის უფლებების დაცვის მორალურ სტანდარტს უკავშირებენ.
უმრავლესობის განცხადებით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ადასტურებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ის დიპლომატები ერევიან, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში თავადვე პრობლემები აქვთ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ასეთ პოლიტიკოსებს უსაფუძვლო კრიტიკის და მორალური სტანდარტების დაწესების მორალური უფლება არ აქვთ.
საპარლამენტო მანდატების სკანდალმა დღის წესრიგში დააყენა ახალი კანონის მიღება. ლარს ლოკე რასმუსენის მხრიდან დეპუტატობაზე უარის გამო ფინანსურმა შეთავაზებამ ოპოზიცია ასეთი ქმედების სამართლებრივ აკრძალვაზეც აალაპარაკა. დანიის სახალხო პარტია რეგულაციის სახით ჯარიმას ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითხოვს. ცალკე დისკუსიაა იმ თანხის წარმომავლობაზეც, რომელსაც რასმუსენი ფონსეკას მანდატის დატოვების სანაცვლოდ სთავაზობდა.