დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობენ მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, რასმუსენი თავად სკანდალშია გახვეული, რაზეც ადგილობრივი მედია წერს. დანიური ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ რასმუსენმა საკუთარი პარტიის წევრს, მაიკ ფონსეკას, 60 000 დოლარამდე თანხა შესთავაზა იმ პირობით, რომ დეპუტატი საკუთარი ნებით წავიდოდა პარლამენტიდან. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი 15 წლის გოგონასთან ურთიერთობაშია მხილებული.
"ჩვენი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, როდესაც კანონი სრულდება ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი და ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ.
კონკრეტულად რაც შეეხება ამ ადამიანს, დანიის წარმომადგენელს, ამხილეს სკანდალურ თემაში, როდესაც მან, ფაქტობრივად, ხელი დააფარა პედოფილიას და რაღაც თანხის სანაცვლოდ გაურიგდა ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც მისი პარტიის წევრი იყო, რომ პარტია დაეტოვებინა.
ზოგადად, დიპლომატიურ კორპუსზე რაც შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, ძალიან გახშირებულია მათი ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, ჩვენ ეს ფაქტები მტკიცებულებებით გვაქვს დადასტურებული. აფინანსებენ ისეთი ტიპის კამპანიებს და "ენჯეოებს", რომელიც იწვევს ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღვივებას," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ლოკე რასმუსენი წერს, რომ გმობს ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას. "დანია მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას და მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებას. დანია მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს", — წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი.