"ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც პარტიაში განაცხადეს, შეხვედრაზე 15-მდე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი იმყოფებოდა. საუბრის თემა კი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების დაკავება იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში.
"პირველ რიგში, ძალიან საინტერესოა, რომელი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ხედავს იმ ოდიოზურ ფიგურებს დიპლომატიურ მისიებში, რომელიც პირდაპირ პარტაქტივად არის ქცეული. ასე, რომ როდესაც ასეთ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, არ დაავიწყდეთ, რომ ისინი არიან მოვლენილები ამ ქვეყანაში, ეს არის მასპინძელი ქვეყანა. მორალური პიედესტალიდან როდესაც ცდილობენ ისაუბრონ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ", - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.