გიორგი ვაშაძე დაკავებულია. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ და მას ბრალის დადგენილება გააცნეს, ამის შემდეგ კი ის ჯერ პოლიციის სამმართველოში, შემდეგ კი რუსთავის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სასამართლომ ვაშაძეს 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოფისში შეკრებილები იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც, რომლებმაც ვაშაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.
დაკავების საკითხი თბილისის მერმა, კახა კალაძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კანონი დაარღვიეს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
"კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. თქვენ იცით, როდესაც არ ხდება გამოცხადება, შემდეგ რა ნაბიჯები მოჰყვება ამას. ეს ყველაფერი გაწერილია კანონში. შესაბამისად, პოლიტიკოსის სტატუსი, ან ნებისმიერი რაიმე საქმიანობის სტატუსი ვერ იქნება წამახალისებელი კანონდარღვევად. პირიქით, როდესაც საუბარია პოლიტიკოსებზე, ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე და ვფიქრობ, კანონის დარღვევა არავის არ უნდა ეპატიოს. კანონის წინაშე ყველა თანაბარუფლებიანი უნდა ვიყოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.