
ლაშა თოიძის მსგავსად, მომავალს, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს, წელსაც ასობით სკოლის მოსწავლე დაუკავშირებს. მთავარი მისია, რომელიც კადეტებს ეკისრებათ, ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაა. ახალგაზრდები სამხედრო საქმის სიყვარულთან ერთად, სამოქალაქო ცნობიერებას იმაღლებენ და კულტურული ფასეულობების პატივისცემას სწავლობენ.
სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, კადეტები, ფიზიკურ მომზადებასაც დიდ დროს უთმობენ. სწავლობენ დროის სწორად განაწილებასა და გუნდური მუშაობის პრინციპს. უსასყიდლოდ სარგებლობენ ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზითაც.
სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები, სასადილო, ლაზარეთი, ინტერნეტ კაფე, ბიბლიოთეკა, რობოტექნიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, სპორტული დარბაზები - სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ლიცეუმს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსიც აქვს მინიჭებული.
სამხედრო ლიცეუმი წელს 100-მა კადეტმა დაამთავრა. 18 ივნისიდან კი მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება. ლიცეუმი სამხედრო მომზადებასა და ზოგადი განათლების მიღებას მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში, სასწავლო გეგმის შესაბამისად უზრუნველყოფს.