მუქარა ქართველი ხალხის მისამართით - ასე აფასებს მმართველი გუნდი დონალდ ტუსკის განცხადებას, რომელიც უკანონო მიგრაციის რისკებზე და რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრობს.
"საჭიროა უმრავლესობა, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთანაც. დიახ, ეს ჩემი განზრახვაა", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
უმრავლესობაში შანტაჟზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიზანი, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნაა.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, "ქართული ოცნებისთვის" კატეგორიულად მიუღებელია.
"ევროპულ გაერთიანებაში იმიტომ არის საინტერესო გაწევრიანება და იმიტომ ვიბრძვით და ვაკეთებთ ყველაფერს ევროინტეგრაციის გზაზე, რომ აღნიშნული გაერთიანება დაფუძნებულია მშვიდობაზე, დაფუძნებულია იმაზე, რომ დაცული იყოს ადამიანების უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ის, რასაც ვისმენთ განცხადებების სახით, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია.
კატეგორიულად მიუღებელია იმ ორმაგი სტანდარტის ტიპის განცხადებები, რასაც საზოგადოება ისმენს", - განაცხადა კახა კალაძემ.