გიორგი გახარიას გუნდის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, "ლელომაც" დაიწყო შიდა კონსულტაცია, რის გამოც ის მოღალატედ მალევე შერაცხეს.
ვინ მოსინჯავს ძალებს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში? ოპოზიციაში ერთ საკითხზე კვლავ ორი განსხვავებული პოზიციაა. შეთანხმების ყოველი მცდელობა ახალი განხეთქილებით სრულდება.
არჩევნებამდე 4 თვით ადრე, კულისებში ქაოსია. ბარიერგადალახულ 4 პარტიაში ხმები უკვე ორი ორზე იყოფა.
ახლა მთავარ როლში კოალიცია "ძლიერი საქართველოა". თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვით ადრე ამბობდნენ, რომ პროცესში მონაწილეობას არ განიხილავდნენ. 4 თვით ადრე, ძველი ნათქვამი დაივიწყეს და გადააკეთეს და როცა კოლეგა ოპოზიციონერებმა ვერც ბრაზი დამალეს და ვერც კრიტიკა, პოზიციაც შეარბილეს და თქვეს, ფორმულა - არჩევნებზე საერთო კანდიდატი გაიყვანონ, ბოიკოტში მყოფ კოლეგებს კი თავად გაფიცული "ლელო" იმასაც ეკითხება, რომელ ქვეყანაში მოუტანია საარჩევნო ბოიკოტს შედეგი?
სანამ კიდევ უფრო მეტს იტყვიან, რაც თქვეს, ისიც საკმარისი აღმოჩნდა სხვა ოპოზიციონერებისთვის - იმისთვის, რომ "ლელო" ღალატსა და პირადი ამბიციებით მოქმედებაში დაედანაშაულებინათ. "ნაციონალური მოძრაობა" წყენას ვერ მალავს. ამბობენ იმასაც, რომ რეგიონებში მათი აქტივისტების გადაბირებას კოალიცია "ძლიერი საქართველო" აქტიურად ცდილობს. პარტიაში "ლელოს" შეცვლილ პოზიციას და ახალ სტრატეგიას უპატიებელ შეცდომად აფასებენ.
ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის გადაწყვეტილება დროში ბრიუსელის მოწოდებას ემთხვევა - ევროპარლამენტარები ოპოზიციას მოუწოდებენ, შესაძლებლობა გამოიყენონ, თუმცა პოზიციები აქაც გაიყო და ჩანაწერიც სხვადასხვანაირად წაიკითხეს. მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ოპოზიცია პლატფორმის გარშემო ვერ გააერთიანა. მეტიც, ახლა იმ პარტიის პოზიციას იზიარებს, ვინც მოლაპარაკების მაგიდა დატოვა, მათ კი, ვინც თან შეხვედრებს ესწრება და თან პოზიციებს იცვლის, დაყენებას ურჩევს.
ამ ეტაპზე, ამ რჩევას, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, "კოალიცია ცვლილებისთვის" იზიარებს. მოქმედ და ყოფილ "ნაციონალებს" "ლელო" დიალოგისთვის კარს უხსნის, თუმცა ღია კარში შესვლას ამ ეტაპზე არცერთი აპირებს. მეტიც, ნიკა გვარამია დაშლის პირას მისულ კოალიციას სოციალური ქსელით ღიად აკრიტიკებს.
"ლელოს" სტრატეგიას და ინტელექტს უწუნებს "გირჩი" - პარტია, რომელმაც საარჩევნო მარათონში ჩართვა პირველმა აღიარა და სხვა ოპოზიციონერებისგან მაშინ კრიტიკაც დაიმსახურა. ახლა თავად უკვირთ, რატომ გადის ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებზე მაშინ, როცა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. "გირჩი" "ლელოს" წარსული შეცდომების აღიარებას ურჩევს.
ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის შეცვლილ პოზიციას გახარიას გუნდში იწონებენ - იმის მიუხედავად, რომ ერთ დროს სალომე ზურაბიშვილმა ვერც ამ ორი პარტიის ლიდერები გააერთიანა, თვეების შემდეგ ერთ პოზიციაზე მაინც აღმოჩნდნენ. იმ განსხვავებით, რომ ყოფილი პრემიერის პარტია, ბარიერგადალახულებიდან პირველი იყო, ვინც ღიად თქვა, რომ საკუთარ რეიტინგს თვითმმართველობის არჩევნებზე გაზომავს.
პოლიტიკურ ტაბლოზე ახლა პოზიციები ორი ორზე ნაწილდება. სანამ გაირკვევა, ვინ შეიცვლის პოზიციას, მმართველი გუნდი საკუთარ ნათქვამში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. სახელისუფლებო პარტია თვეების წინ საუბრობდა, რომ მათი ოპონენტები გარე დავალების მოლოდინში იყვნენ, თვეების შემდეგ კი ოპოზიციას ევროპარლამენტარების მოწოდება წამოეწია და ავანსცენაზე ამჯერად "ლელო" გამოჩნდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები დესტრუქციულ გეგმებს სხვადასხვა ფრონტიდან მიჰყვებიან.
ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები" ირწმუნებიან, რომ უარის ერთგულები დარჩებიან, თუმცა მათ მიერ პოზიციების შეცვლას არ გამორიცხავს სახელისუფლებო პარტია. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ ოპოზიცია საკუთარი თავის მმართველიც კი არ არის, რადგან მათი ყველა ნაბიჯი გარე ინსტრუქციებზეა დამოკიდებული.
ვინ უღალატებს ნათქვამს და ვინ შეიცვლის პოზიციას? - თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვე რჩება, სანამ არჩევანს საზოგადოება გააკეთებს, საკუთარი გზა ასარჩევი აქვს ოპოზიციას - მათ რიგებში პოლიტიკური ქაოსი გრძელდება.
ავტორი: იზი ბურნაძე