21 აგვისტო 2026,   10:18
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები - 4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში დაპირისპირება იზრდება

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში დაპირისპირება იზრდება. "ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება შემაფერხებელი" - ამბობს მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდი დანარჩენ ოპოზიციას ისევ დისკუსიას სთავაზობს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ნიკა გვარამიას იმ განცხადებამ გააბრაზა, რომლითაც კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

გვარამიას პოზიციას მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იზიარებს. ექსპრემიერის გუნდი კი, ექსპრეზიდენტის პარტიას ისევ აკრიტიკებს და ახლა ფსონს ხაზარაძის პრაგმატულობაზე დებს. 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ დაპირისპირებას ელოდებიან პარტია "გირჩში". 

ბარიერგადალახულ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობად გამოყენებისკენ დღეს ევროპარლამენტარებმაც მოუწოდეს, რაც ხელისუფლების ოპონენტებისთვის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიში სააკაშვილისა და ხაზარაძის პარტიებში სხვადასხვანაირად აღიქვეს.

ევროპარლამენტარების მოწოდება სახელისუფლებო პარტიისთვის ევრობიუროკრატების კიდევ ერთ მცდელობას ნიშნავს, რომ საქართველოს გარედან მართული ხელისუფლება ჰყავდეს. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტები ქვეყნის ფარგლებს გარედან საბოლოო მითითებას ჯერ ისევ ელოდებიან.

მუნიციპალური არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მოქალაქეები მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

დღის ამბები