ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირებულია - განწყობები ევრობარომეტრით გაიზომა. ირკვევა, რომ ევროგაერთიანების ნდობის სტატისტიკა ბოლო ერთ წელში 17%-ით შემცირდა. წინა კვლევების მონაცემები ადასტურებს, რომ ტენდენცია კლებისკენ მიდის.
რატომ გაღვივდა საქართველოში ევროსკეპტიციზმი? - პასუხი უსამართლო მიდგომებში იკითხება სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნდობის შემცირება თავად ევრობიუროკრატიის მხრიდან გამოვლენილი ორმაგი სტანდარტის, ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებებისა და ოფიციალურ სტრუქტურებში მიღებული უსაფუძვლო რეზოლუციების შედეგია.
ევრობარომეტრს არ ენდობა ოპოზიციის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი კი შედეგებს "ქართული ოცნების" პოლიტიკას უკავშირებს. თუმცა, ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობის შემცირებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციურ სპექტრსაც ეკისრება.
უმრავლესობის განცხადებით, ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირის იმიჯი თავად ევროპელმა ბიუროკრატებმა დააზიანეს - ოპოზიციის მხარდაჭერით და დეზინფორმაციის გავრცელებით. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უსამართლო მიდგომების მიუხედავად, ხელისუფლებისთვის ევროინტეგრაცია პრიორიტეტად რჩება.
კვლევა, ევროკავშირის ინსტიტუტების დაკვეთით სხვადასხვა ქვეყანაში 1974 წლიდან ტარდება, საქართველოში ბოლოს მარტი-აპრილის პერიოდში ჩატარდა. ევრობარომეტრის კვლევის მიხედვითვე, საქართველოს მოსახლეობის 51% ეროვნული მთავრობის ნდობისკენ იხრება.