23 აგვისტო 2026,   05:16
ვრცლად
მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარი ევროპულმა საბჭომ უთხრა - ეს ინტერვიუ უმრავლესობისთვის დასტურია, რომ ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესი თავად არ შეუჩერებია

სახელისუფლებო გუნდისთვის აღიარება მარტა კოსის ის განცხადებაა, სადაც ევროკომისარი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარი ევროპულმა საბჭომ უთხრა - ეს ინტერვიუ უმრავლესობისთვის მორიგი დასტურია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესი თავად არ შეუჩერებია.

კოსის განცხადება მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ევროპელი ბიუროკრატები, მათთან დაკავშირებული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, მმართველ ძალას თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად აშანტაჟებდა.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში "ევროსკოპთან" ინტერვიუში ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიზეზები დაასახელა.

კოსის ამ ინტერვიუმდე, ქართული ოპოზიციური სპექტრი ბოლო 6 თვის განმავლობაში, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩაშლაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა. ამას ადასტურებს არქივიც, რომელიც მრავლად ინახავს სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა მედიაში გავრცელებულ განცხადებებს.

საქართველოს ხელისუფლების მისამართით ანალოგიური შინაარსის ბრალდებები ისმოდა ევროპიდან და აშშ-დანაც. ასე ფიქრობენ დღესაც ქართულ ოპოზიციურ პარტიებში. მარტა კოსის განცხადების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები მოლაპარაკებების შეჩერებაზე პასუხისმგებლობას მაინც საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

ოპოზიციას და ევროპელ ბიუროკრატებს დღეს მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან მოლაპარაკებები ნებისმიერ დროს დაიწყოს. აქვე უმრავლესობა ბრიუსელს მიმართავს და ამბობს, რომ მმართველი ძალა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დათმობას არ აპირებს.

მარტა კოსის ინტერვიუ "ევროსკოპმა" მას შემდეგ გაავრცელა, რაც ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

დღის ამბები