22 აგვისტო 2026,   23:46
ვრცლად
საქართველოში რეპრესიულია, შვედეთში ანტიდემოკრატიულ პროცესებს ებრძვის - ოფიციალური სტოკჰოლმი ერთი და იმავე მიზნის მქონე კანონს განსხვავებულად კითხულობს

საქართველოში რეპრესიულია, შვედეთში ანტიდემოკრატიულ პროცესებს ებრძვის - ოფიციალური სტოკჰოლმი ერთი და იმავე მიზნის მქონე კანონს განსხვავებულად კითხულობს. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მიღებისთვის აკრიტიკებს, თუმცა მსგავსი კანონმდებლობის შემუშავებაზე თავადვე მუშაობს. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები 1 დღის ინტერვალით გაკეთდა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ დაწერა, რომ ამერიკული "ფარას" ანალოგი საქართველოში დამოუკიდებელ ხმებს ახშობს. მომდევნო დღეს კი მათი მთავრობის სახელით განცხადება გავრცელდა, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყანაში ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. ოფიციალურ ტექსტში ნათქვამია, რომ მიუღებელია უცხოელი აქტორები შვედეთში აფინანსებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც დემოკრატიის ძირის გამოთხრის მიზნით ექსტრემისტულ გარემოს აძლიერებს. მთავრობის ინიციატივაზე ისაუბრა შვედეთის იუსტიციის მინისტრმაც.

ორმაგი სტანდარტის მორიგი და მკაფიო მაგალითი - ასე აფასებს ინიციატივას "ქართული ოცნება". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ შვედეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მწვავედ აკრიტიკებს, მაშინ, როდესაც ამ გლობალურ გამოწვევაზე თავადვე მუშაობს.

ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებში ორმაგ სტანდარტს ვერ ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ისევ იმეორებენ, რომ იდენტური კანონმდებლობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის შვედეთში განსხვავებულად მუშაობს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური სტოკჰოლმიდან ჯერ კიდევ 5 მაისს პრემიერის სახელით წერილი სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, სადაც შვედეთი ღიად წერს, რომ საქართველოში მხოლოდ არასამთავრობო სექტორს დააფინანსებს.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შვედეთის დაფინანსებას სწორედ ის ანტიდემოკრატიული მიზნები აქვს, რომელსაც ქვეყანა თავადვე ებრძვის და რომლის გამოც, უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ რეგულაციებზე მუშაობს.

1 დღის შუალედით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ შვედეთის პოზიცია სამარცხვინოა.

დღის ამბები