ხმების ასი პროცენტი დათვლილია, პოლონეთის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად ტრამპის მხარდამჭერი კონსერვატორი, დამოუკიდებელი კანდიდატი კაროლ ნავროცკი დაასახელა. მას ამომრჩეველთა 50.89%-მა მისცა ხმა.
თუმცა, ცესკოს მიერ საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე, გამარჯვება დამარცხებულმა კანდიდატმაც იზეიმა. "პრაიმერისის" შედეგები არაზუსტი აღმოჩნდა. "იპსოსმა" პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ვარშავის მოქმედი მერი, "სამოქალაქო პლატფორმის" კანდიდატი, ლიბერალი რაფალ ტრჟასკოვსკი დაასახელა. პოლონურ მედიაში გავრცელებული მონაცემებით, მას ამომრჩევლების ხმების 50.3% ჰქონდა.
ეგზიტპოლის მონაცემების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგით გაირკვა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, მოქალაქეთა უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა და ნავროცკიმ სახელისუფლებო კანდიდატს თითქმის 400 000 ხმით მოუგო.
არჩეულ პრეზიდენტს მოქმედმა ვილნიუსიდან მიულოცა. ანდჟეი დუდამ მედიასთან კომენტარი ლიეუვაში ,ნატოს "ბუქარესტის ცხრიანის" შეხვედრაზე გააკეთა.
კაროლ ნავროცკიმ მოლოცვა მიიღო მეზობელი უნგრეთიდან. "იქსზე" განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გაავრცელა და არჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
პოლონეთის ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და წერს. რომ საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა.
მოლოცვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც და პოლონელ ხალხს მშვიდობა და წინსვლა უსურვა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე