11 აგვისტო 2026,   11:11
ვრცლად
ამერიკული "ფარას" ქართული ანალოგი ძალაში შევიდა - კანონი, რომელიც უკვე 45 საათია მოქმედებს, უცხოეთიდან დაფინანსებულ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება

ქართული "ფარა", რომელმაც ფარი ბევრ რამეს უნდა ჩამოხსნას - "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ძალაშია. ამერიკული "ფარას" ქართულმა ანალოგმა, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევა უნდა აღკვეთოს და ფინანსური გამჭვირვალობა მაქსიმალურად უზრუნველყოს. კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა, სწორედ ანტიკორუფციულ ბიუროში აქვთ დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

ვინ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ამას დრო აჩვენებს, თუმცა დრომ უკვე აჩვენა, რომ კანონის ამოქმედებამდე გარკვეულმა სუბიექტებმა დეზინფორმაციული კამპანია აამუშავეს. კანონი რომ გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებული პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება, ეს პასუხისმგებელმა უწყებამ საინფორმაციო შეხვედრებზე არასამთავრობო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უკვე გააცნო.

"ნაციონალური მოძრაობა" ამერიკის რეალობას საქართველოსთან ვერ აიგივებს. უჭირთ იმაზე პასუხი, თუ პოლიტიკური პარტიები ფინანსური ხარჯების გამჭვირვალობის ვალდებულებას ასრულებენ, რატომ არ უნდა ჰქონდეთ იგივე წესი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს?

მათაც ვკითხეთ - დაემორჩილებიან თუ არა ამერიკული "ფარას" ქართულ ანალოგს, თუმცა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჯერ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ახლა კი "ფარას" აკრიტიკებენ, პასუხი არ აქვთ. სანამ მესამე სექტორი სტრატეგიაზე ფიქრობს, ოპოზიციური პარტიები საუბრობენ. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ამერიკული კანონი საქართველოზე მორგებული არ არის.

იმის მიუხედავად, რომ შტატებში გამჭვირვალობის საკითხზე დონალდ ტრამპის რეაგირება მკაცრი, ტონი კი კრიტიკულია, ქართულ ოპოზიციას ამაზე საუბარი არ სურს. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ამერიკული "ფარა" ქართულ რეალობას აცდენილია.

ამერიკული კანონის ქართულ მიზნებს განმარტავს კანონპროექტის ავტორი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დონორების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. რატომ არის აკრძალული საქართველოსთვის ის, რაც ამერიკისთვის და ევროპისთვის დასაშვებია? - არჩილ გორდულაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ ქართული "ფარას" მიზანი უცხო ქვეყნის გავლენისგან ჩვენი ქვეყნის დაცვაა.

რატომ არ სურს ოპოზიციას ამერიკული კანონი? მმართველი გუნდი ამას ოპონენტების შიშით ხსნის, გამჭვირვალობის შიშით. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ კანონი ოპოზიციის და მესამე სექტორის ნაწილისთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება.

მაშინ, როცა "ქართული ოცნება" მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას აცხადებს, დღის წესრიგში შესაბამისი კანონმდებლობის აუცილებლობა დგება. ასე მოხდა ახლაც, ქვეყნის მთავრობის მეთაური იმ რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში არაერთხელ იყო.

ბევრად მკაცრი, ვიდრე გამჭვირვალობის კანონი - ამერიკული "ფარა" ძალაშია.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რეგისტრაციისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ, მასზე კი ვინც კანონის ჩარჩოში არ მოექცევა აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება - ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა.

დღის ამბები