23 აგვისტო 2026,   00:12
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებს დახმარებას სთხოვს - საკუთარი გეგმის განხორციელებაში ექსპრეზიდენტს ევროპელი ლიდერების მხარდაჭერის იმედი აქვს

სალომე ზურაბიშვილი ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებს დახმარებას სთხოვს. ექსპრეზიდენტმა ვრცელი წერილი საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა. ახალი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება, ევროპული კურსის აღდგენის საგზაო რუკა, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ოპოზიციის მხარდაჭერა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სანქციების გამკაცრება - საკუთარი გეგმის განხორციელებაში ზურაბიშვილს ევროპელი ლიდერების მხარდაჭერის იმედი აქვს.

წინააღმდეგობის პლატფორმის მოთხოვნებს მმართველი გუნდიდან უპასუხეს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ზურაბიშვილს და მის ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს რესურსი ბოლომდე ამოეწურათ და ახლა ისინი მხოლოდ უცხოეთიდან დახმარების იმედად არიან.

ოპოზიცია არსებული ვითარებიდან გამოსავალს, მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნასა და პარტნიორების მხრიდან "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის გაძლიერებაში ხედავს. ამ პროცესში კი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერას ელოდება.

ოპოზიციის გეგმა - უცხოელი პარტნიორებისთვის დახმარების თხოვნა, გარე ძალების მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" წევრები დარწმუნებულები არიან, რომ სხვა შემთხვევების მსგავსად, ოპოზიცია ახლაც, უცხოეთიდან მიღებულ კონკრეტულ მითითებებს ასრულებს.

ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებისთვის გაგზავნილ მიმართვას "დროა", "ფედერალისტები", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი"," თავისუფლების მოედანი", "ევროპული საქართველო" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" შეუერთდა.

დღის ამბები