პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიერ გავრცელებული განცხადებების მიღმა, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ხედავს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ჩამოსვლის მსურველებში შიშის დათესვა ტურიზმის სექტორზე დარტყმის მცდელობაა. მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია ისიც, რომ პოლიტიკაზე თავდასხმის შემდეგ, სამიზნე ეკონომიკა ხდება.
სტატისტიკის მიხედვით, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, პოლონეთი და საფრანგეთი ისევე, როგორც ჯამურად ევროკავშირი საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით. შალვა პაპუაშვილი დიპლომატებს ვენის კონვენციის დაცვას ურჩევს.
პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კითხვები არ აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს - ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების მოწოდებები ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორებზე გავლენას ვერ მოახდენს.
დიპლომატიური წარმომადგენლების დამოკიდებულებას მმართველ პარტიაში მავნებლურს უწოდებენ - აცხადებენ, რომ დაინტერესებული ძალები ქვეყნის იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ.
პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოებმა საკუთარ მოქალაქეებს გუშინ მიმართეს და გააფრთხილეს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ყველა ის ფაქტორი გადაამოწმონ, რაც შესაძლოა ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი გახდეს. ამ ფაქტორებში დაასახელეს დემონსტრაციებში მონაწილეობა და მაღალი ჯარიმები.