მმართველ გუნდში კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე განმარტებები კეთდება. "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით, პატრულის შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
"მას ჰქონდა ვადა, 12 საათამდე გირაო უნდა გადაეხადა. იმის გამო კი არ დაუკავებიათ, არამედ როდესაც პატრულმა გააჩერა გარკვეული წესის დარღვევის გამო, შემდეგ შეურაცხყოფაზე გადასულა და ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ასე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს, ვინც პოლიციასთან შევა კონფლიქტში, ანალოგიურად მოუწიოს ადმინისტრაციული დაკავება. ამას მოაყოლეს სიგიჟეები - აქ ზედმეტი ინტერპრეტაციები არ არის საჭირო. ვინმეს დაკავება რომ ნდომებოდა, დილას დააკავებდნენ. უბრალოდ, დააშავა ადმინისტრაციულად, როგორც იკვეთება, მელია, რომელიც ძალადობისკენაა მიდრეკილი და არაერთხელაა დაკავებული ამისათვის თავის დროზე, [რა გასაკვირია] რომ იმავეს ჩაიდენდა ახლა," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.