სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, საქართველო იმ ქვეყნის მაგალითად დაასახელა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელს უწყობენ ეგრეთწოდებულ "ნაქირავებ არეულობებს". მაიკ ბენცის მოსაზრებით, "ენჯეოები" გარკვეულ სახელმწიფოებში, პოლიტიკურ არასტაბილურობას აღვივებენ, რაც მისივე განმარტებით, ხშირ შემთხვევაში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ემსახურება.
ინტერვიუს მსვლელობისას, კარლსონ ტაკერმა ბენცს სთხოვა განემარტა თუ რას წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საიდან გაჩნდნენ და რა როლს თამაშობენ თანამედროვე მსოფლიოში. ბენცი ამტკიცებს, რომ "ენჯეოები" ნეიტრალური ან ჰუმანიტარული ორგანიზაციების როლს თამაშობენ, რეალურად კი, აშშ-ის მთავრობის და სადაზვერვო სააგენტოების გავლენის იარაღი არიან.
ტელეწამყვანმა კარლსონ ტაკერმა, ბენცს უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო გზით კონტროლის მცდელობების შესახებაც ჰკითხა.
ინტერვიუში ბენცმა დონალდ ტრამპზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან დაკავშირებული ჯგუფები აქტიურად ქმნიან ნარატივს, რომ ტრამპი "ქაოსის" წყაროა, რაც მისი პოლიტიკური გავლენის შესასუსტებლად გამოიყენება.ბენცმა აღნიშნა, რომ, "ენჯეოები" ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მონაწილეობდნენ მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიებში, მათ შორის, საარჩევნო პროცესებში ჩარევისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით.