უკრაინაში ომი გრძელდება - კიევმა მოსკოვის მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ იერიში მიიტანა კურსკის რეგიონზე. ქალაქ ლგოვზე მასშტაბური შეტევის შედეგად, დაიღუპა 12 ადამიანი. რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიმართულებით 159 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მშვიდობის მისაღწევად ყველა ნაბიჯის გადადგმისთვის მზად არის.
"უკრაინის ინტერესია, არ გავაჭიანუროთ ომი, მაგრამ ვიყოთ მზად სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის. მსოფლიოსთვის აშკარაა, რომ სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ ომი დღემდე გრძელდება. უკრაინა მზადაა მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის. საჭიროა რუსეთის სარკისებური მზაობა. ახლა ეს არ არსებობს და მსოფლიოს მხრიდან ზეწოლის გარეშე ეს ვერ შეიცვლება," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.