25 აგვისტო 2026,   18:56
ვრცლად
"არარელევანტურია, როდესაც ხდება საქართველოს და გერმანიის შედარება, მით უმეტეს უარყოფით კონოტაციაში" - ლანა გალდავა შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, გერმანიის ელჩის მხრიდან მართლმსაჯულებაზე ზეწოლასა და ვენის კონვენციის დარღვევაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პიტერ ფიშერმა რამდენიმე, დღის წინ, ინტერვიუ პლაკატის, "თავისუფლება მზიას" ფონზე ჩაწერა.

სპიკერის შეფასებით, ამით ელჩმა მკაფიოდ გადასცა თავისი განწყობა იმ მოსამართლეს, რომლის პროცესსაც, მისივე განცხადებით, ესტონელ კოლეგასთან ერთად აკვირდებოდა.

"იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ "დაკვირვების" მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამედ მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას "დიდი ძმა" აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის", - წერს შალვა პაპუაშვილი, რომელიც ელჩის სხვა ქმედებებსაც აფასებს.

საპირისპირო მოსაზრება აქვს ოპოზიციას. ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ელჩს შეუძლია შეფასებები გააკეთოს ასეთ საკითხებზე, მით უმეტეს, როდესაც მზია ამაღლობელის საკითხი გაცდა საქართველოს არსებულ სინამდვილეს და პრობლემატიკას.

"გერმანიაში არსებობს თავისუფალი ინსტიტუციები, თავისუფალი სასამართლო. ძალოვანი უწყებების მიერ ერთ დღეში, რამდენიმე საათში გერმანელი ჟურნალისტის დაკავება არ მოხდება და მით უმეტეს, ძალოვანი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან მაპროვოცირებელი ქმედება არ იქნება. ამიტომ, არარელევანტურია, როდესაც ხდება საქართველოს და გერმანიის შედარება, მით უმეტეს უარყოფით კონოტაციაში. რაც შეეხება ელჩის მიერ ამ საკითხის შეფასებას, რა თმა უნდა, მას შეუძლია გააკეთოს ასეთი შეფასება, მით უმეტეს, რომ მზია ამაღლობელის საკითხი უკვე გაცდა საქართველოს არსებულ სინამდვილეს და პრობლემატიკას", - განაცხადა ლანა გალდავამ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რატომ ისჯება მზია ამაღლობელი და რეჟიმს პოლიციის მუნდირის ღირსება საერთოდ არ აინტერესებს.

"ყველას გვაქვს ინფორმაცია, ვიცით რაც მოხდა და როგორ მოხდა. როგორ მოხდა მისი პროვოცირება. ძალიან კარგად ვიცით რატომაც ისჯება მზია ამაღლობელი. რეჟიმებს საერთოდ არ აინტერესებთ არც პოლიციელის მუნდირის ღირსება და არც ზოგადად პოლიციის საქმიანობა, ხალხის უსაფრთხოებზე მომუშავე პოლიციის ღირსება და ფუნქცია", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები