საქალაქო სასამართლო ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმეზე მსჯელობს. დაკავებულებს საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მონაწილეობას ედავებიან. დაიკითხა პოლიციელი, რომელმაც გაიხსენა 28 ნოემბერს აქციაზე მიმდინარე პროცესები, რა დროსაც მან დაზიანება მიიღო. მოწმეს შეკითხვები ბრალდებულებმაც დაუსვეს.
"თავიდან იყო ლანძღვა-გინებები, სხვადასხვა უწმაწური სიტყვების გამოყენება. შემდეგ არ ვიცი რატომ და რის გამო, დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები. ეს არ იყო ერთი და ორი კაცი, ეს იყო ათეულობით ადამიანი. იყო შეურაცხყოფები, იძახდნენ - რუსეთის პოლიცია ძირს, ვესროლოთ სხვადასხვა ნივთები. მოწოლის შემდეგ ისევ უკან გადიოდნენ და გვესროდნენ მძიმე ნივთებს. ძალიან ბევრი პოლიციელი დაშავდა ჩემს გვერდზე. მომხვდა ქვა ტუჩზე, გამეხა, 6 ნაკერი მედო. წამიყვანეს თანამშრომლებმა, ჩემით ვერ მოვახერხე და გადამიყვანეს საავადმყოფოში. ძალიან ბევრი პოლიციელი იყო ჩემზე უარესად დაზიანებული", - განაცხადა პოლიციელმა, ნიკოლოზ ხურცილავამ.