22 აგვისტო 2026,   20:58
ვრცლად
"მიშა იმსახურებს იმას, რომ მისი ბანერი პროევროპულ აქციებზე იყოს - სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ" - ანა წითლიძე

ის პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს, კარგია, მაგრამ - არასაკმარისი. ნამდვილად მგონია, რომ მიშა იმსახურებს იმას, რომ მიშას ბანერი პროევროპულ აქციებზე იყოს. მეორე ამბავი ის არის, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ ამ პროცესში. მგონია, ამ სექტორშიც ბევრი პრობლემაა, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე.

მისივე თქმით, ყველამ, ვინც ამბობს, რომ საერთო ბრძოლაშია, პერსონალური ზიზღი "თავისთვის უნდა შეინახოს". წითლიძის განცხადებით, რეალურად, პროცესებმა აჩვენა, რომ "არაფერი ამ ერთობაში ღირებული არ იყო", რადგან "პირველივე შესაძლებლობაზე დანას ჩაგარტყამენ ზურგში".

წითლიძე მკაფიოობის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

"როცა ვამბობ, რომ მკაფიოობა უნდა იყოს ამ ყველაფერში და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა დაიწყოს მკაფიოდ ლაპარაკი - მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რა ვიცი, სალომე ზურაბიშვილის იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს. მათ შორის, მკაფიოობა უნდა იყოს გვარამიასთან მიმართებაში და უნდა დაერქვას რაღაცებს სახელი. თუ გვინდა, ეს ვაკხანალია მორჩეს და რომ ვერ გაარჩევ, ვინ ვინ არის, აზელილი რომ არის ოპოზიციური ველი და სამოქალაქო სექტორი და პროფესორები რომ ჰგონიათ ყველაფერში თავი, სხვანაირად ეს ვერ მორჩება თუ ვინმემ არ დაიწყო. თან არაფერი გამოვიდა აქედან. რის გამოც ვითმინეთ, ერთობის გამო, ეგ არ გამოვიდა", - ამბობს წითლიძე.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი, მიუხედავად გაცხადებული პოლიტიკისა, არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

"რა პროცესი მიდის - ხომ ითქვა, რომ ეს ოთხი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს [ადგილობრივ არჩევნებზე], ამ დროს, გახარიამ უკვე თქვა, რომ ვიღებ მონაწილეობას, ლელო - ეთერში ერთს იძახიან და აქტივთან რომ ჩადიან - სხვას. მე ზეპირად ვიცი, მაგალითად, სამეგრელოში ვინ ეყოლებათ სიაში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. შტერები ხომ არ ვართ. ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, "ახლებმაც" მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო "ნაციონალურ მოძრაობას" ამაში. ეს იქნება რეალობა. ოთხიდან ორი ამ ყველაფრისთვის ემზადება. მაჟორიტარებს აკომპლექტებენ და სიებს წერენ. მე ველი, რომ მარტო დავრჩებით.
არჩევნებში შანსი არ აქვს ოპოზიციას. ყველაფერს გააკეთებს ბიძინა, რომ მოგებულ უბანს წაართმევს, ჯერ ერთი ვერც მოიგებენ. წარმოდგენა არ აქვთ, ბიძინა სად უყალბებს არჩევნებს", - ამბობს ის.

წითლიძის თქმითვე, 2020 წელს ერთი შეცდომა დაუშვა მთელმა ოპოზიციამ:

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია. სამი წელი გავატარეთ სისულელეში", - ამბობს ის.

წითლიძე უსამართლო დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ნაცებმა ყველას დაძახებულ აქციაზე უნდა ვიაროთ, უბედურებები ჩვენ უნდა ავიტანოთ, მაგრამ ჩვენ, ნაცებს, იმის უფლება არ გვაქვს, რომ ჩემმა მხარდამჭერმა მიშას ბანერი გაშალოს. აქ თანასწორობა სად არის? სად მოსულა ასე, რომ მე უნდა შევაკვდე რაღაცას და შენ ფეხებზე უნდა გეკიდო ამ ყველაფერში", - აცხადებს წითლიძე.

დღის ამბები