09 ივნისი 2026,   01:46
ვრცლად
დაკავებულია 19 წლის პირი, ბრიტანეთის მოქალაქე - ნარკოდანაშაულის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან საქმის ახალი დეტალები იკვეთება - დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქეა. ის 2006 წელს არის დაბადებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს.

2006 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები